საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში 54 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, ეს მაშინ როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 29 ერთეულს შეადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონში (37.0 %) და თბილისშია (16.7%) განთავსებული. ამასთან, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე მდებარეობს: სამეგრელო-ზემო სვანეთის (13.0%), ქვემო ქართლის (9.3%), კახეთის (9.3%), იმერეთის (7.4%), მცხეთა-მთიანეთის (5.6%) და გურიის (1.9%) რეგიონში.

სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 273 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 118 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 817 კაცით განისაზღვრა.

ამასთან, 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 55.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 61.8 % ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.7% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.2 % თევზეული, 6.6 % ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 4.5 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3.4 მლნ ლარი შეადგინა.

2019 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 34.6 მლნ ლარის ღირებულების (8.0 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (50.8%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 94.4% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (74.8%) და ქათამის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (17.0%) წარმოადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 45.6 %-ს, მაისში - 52.5 %-ს, ხოლო ივნისში 48.3 %-ს.

ნინი ქეთელაური