მაქსიმალურად ყველა სამედიცინო დაწესებულება შემოწმდება, - ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე კომპლექსური მონიტორინგის პირველადი შედეგების წარდგენისას განაცხადა.
კითხვაზე, მონიტორინგის შედეგად, სად უფრო მეტად გამოიკვეთა დარღვევები - დედაქალაქში თუ რეგიონებში, ზაალ კაპანაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე „პრობლემა თანაბარია“.
„პრობლემა კონკრეტულად, ცალსახად გამოხატული არ არის, თუმცა ის ორივეგან, როგორც ქალაქში, ასევე რეგიონებში გამოიკვეთა.“- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
ამასთან, მისი თქმით, სააგენტო ყველა სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელებს მონიტორინგს, რაც გარკვეულ დროზეა დამოკიდებული. ზაალ კაპანაძის ინფორმაციითვე, კლინიკები ორ კატეგორიად იყოფა. პირველია სტაციონალური ტიპის დაწესებულებები, რომელიც სალიცენზიო-სანებართვო პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთი დაახლოებით 300-ზე მეტია. მეორე კატეგორიას მიეკუთვნება მაღალი რისკის დაწესებულებები, ე.წ. პოლიკლინიკები, რომელთა რიცხვი 2500-მდეა და ისინი სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებიან.
ასევე, ზაალ კაპანაძემ აღნიშნა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი სააგენტო მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს წერს.
„როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იწერება, იქ ჩვენი თანამშრომლების მიერ უბრალოდ ფაქტი ფიქსირდება. შემდგომ ეს ოქმები იგზავნება სასამართლოში და უკვე სანქცირებას თანხის ნაწილში ახდენს თვითონ მოსამართლე. სალიცენზიის პირობების დარღვევისათვის არის 5 000 ლარამდე, სანებართვო პირობების დარღვევისთვის არის 10 000 ლარამდე, ხოლო ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის 200-დან 500 ლარამდე“, - განმარტა ზაალ კაპანაძემ.
მისივე ინფორმაციით, კერძო რეანომობილების შემოწმებისას, (საუბარია ძირითადად რეანომობილებში გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმებაზე), რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა, რომ არ იყო დაფიქსირებული სამედიცინო აპარატურის გამოშვების წელი. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობით არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, რის გამოც დარღვევა უნდა გამოსწორდეს.