საქართველოში ელევატორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა იქ დასაქმებულთა რიცხვი შემცირდა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში 21 ელევატორი ფუნქციონირებდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი -18. ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ელევატორების უმრავლესობაც ქვემო ქართლის (47.6%) რეგიონში იყო განთავსებული, 19.0 % ფუნქციონირებს ქ.თბილისში, 14.3 % შიდა ქართლის რეგიონში, 14.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და 4.8 % გურიის რეგიონში.
2019 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 16 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 924 კაცით განისაზღვრა. ეს მაშინ, როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ელევატორებში 1064 კაცი იყო დასაქმებული.
2019 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 121.5 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 80.2%-ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში 2019 წლის II კვარტალში ელევატორების მიერ გაყიდულია 58.7 მლნ ლარის ღირებულების 74.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 68.8% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 85.3%.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 44.7%-ს, მაისში - 42.7-ს, ხოლო ივნისში - 37.6 %-ს.