თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა ფონიჭალის მონაკვეთზე ამ დროისთვის შეჩერებულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ახლა საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც ავტობანის მშენებლობისთვის ყველა საჭირო სხვა პროცედურა განხორციელდება.
„თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთთან დაკავშირებით ამ დროისთვის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც იცით, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამოა შეჩერებული და საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტობანის მშენებლობისთვის ყველა საჭირო სხვა პროცედურა განხორციელდება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ქარსელაძემ.
როგორც ცნობილია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის შეჩერება მოსახლეობის ნაწილის პროტესტმა გამოიწვია. ისინი დღემდე ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი ბინები ავარიულია და ავტობანის მშნებელობას ვერ გაუძლებს. ამიტომ ავტობანის მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ავტობანის გზის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და მისი განხორციელება 17 თვის პერიოდში იყო დაგეგმილი, მაგრამ პროექტი 2012 წლის დეკემბერში შეჩერდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელობის განმარტებით, პროექტის შეჩერების მთელი რიგი მიზეზები არსებობდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას („ნიუ-ენერჯი“) ფინანსური პრობლემები აღმოაჩნდა. გარდა ამისა, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა.
2013 წლის მაისში ფონდმა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ჩინურმა კორპორაცია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა, რომელსაც გზის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა. აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო. ამჟამად მისი მშენებლობა დასრულებულია.
რაც შეეხება თბილისი-რუსთავის გზის მე-2 ფაზის, ონიჭალის მონაკვეთის მშენებლობას, 2016 წლის დეკემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თურქულ კომპანია „სეზა ინშაათს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც თბილისი-რუსთავის 6.4 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 119 მილიონი ლარია.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი