ბუნდესბანკი ვარაუდობს, რომ გერმანიის ეკონომიკა მესამე კვარტალშიც კლებას გააგრძელებს. ამის უტყუარი ნიშანი კი ისაა, რომ ზაფხულში მკვეთრად არის შემცირებული სამრეწველო პროდუქციის წარმოება, რასაც თავის მხრივ, შეკვეთების კლება განაპირობებს. ეს ნიშნავს, რომ ევროზონის უდიდესი ეკონომიკა რეცესიის ფაზაში გადადის.
გერმანიის ეკონომიკა მეორე კვარტალში ექსპორტის კლებამ აზარალა, რაც მსოფლიო სავაჭრო ომის, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელების და ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობის შედეგია. გერმანიის ეკონომიკა კი მეტწილად ექსპორტზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომ, მასზე გლობალური ფაქტორები ძლიერ ზემოქმედებს.
„საერთო ეკონომიკური მახასიათებლები კვლავ მცირედით გაუარესდება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მრეწველობა კლებას აგრძელებს“, - წერს ცენტრალური ბანკი, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად, პროგნოზირებისას მწარმოებელი ფირმების განწყობის გაუარესებასაც ითვალისწინებს.
ბუნდსბანკი ასევე წერს, რომ გერმანიაში შრომის ბაზრის გაუარესება და მომსახურების სფეროში თავდაჯერების კლება შეინიშნება. იმავროულად, მშენებლობის სექტორი ზრდას აგრძელებს, რაც ეკონომიკისთვის ძლიერი მხარდაჭერაა.
ყველაფრის მიუხედავად, გერმანიის მთავრობა, ეკონომიკის სტიმულირებისთვის სახელმწიფო ხარჯების გაზრდაზე უარს ამბობს. ფინანსთა მინისტრ ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინს ფინანსურ სფეროში საკმარისი ძალა შესწევს იმისთვის, რომ ეკონომიკის კრიზისს გაუმკლავდეს.
შოლცის თქმით, გერმანიამ 2008/2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს, 50 მილიარდი ევრო დახარჯა და თუ საჭირო გახდა, ამ მოცულობის თანხის გაღება კვლავაც შეუძლია.
გერმანიის ბიუჯეტი კარგად არის დაბალანსებული და წლების განმავლობაში, პროფიციტზე მუშაობს. მისი მთავრობა კი ჯიუტად ამბობს უარს ხარჯების ზრდაზე, რასაც ეკონომიკის სტიმულირება შეუძლია.