საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს სრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. 2019 წლის 20 აგვისტოს, 24 საათზე, კი განაცხადების მიღების პირველი ეტაპი სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, აღნიშნული პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს, მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ ოქტომბრის დასაწყისში. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხოციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეახსენებს პედაგოგებს, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ განაცხადი სკოლის დირექტორის სახელზე, მათ 20 აგვისტოს 24 საათამდე აქვთ ამის შესაძლებლობა.

ამ ფორმით სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.