კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა.
ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას - ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის, China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd. (CR23), China Railway Construction Corporation (International) Limited (CRCC International) ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა. მიზეზი კი ის იყო, რომ კომპანიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედება თაღლითობად იქნა კვალიფიცირებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა მოგებაზე მუშაობს კომპანია და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა საქართველოში.
უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი“ საქართველოში 2010 წელს 30 ივლისს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს: გზებისა და ავტობანების მშენებლობა, მიწისზედა და მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობას. ფილიალი საქმიანობას აწარმოებს ძირითადად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფილიალს ჯამში დაქირავებული ჰყავდა 1,031 თანამშრომელი, ხოლო 2017 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ფილიალს ჯამში დაქირავებული ჰყავდა - 1,239 თანამშრომელი
კომპანიის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, China Railway 23rd Bureau Group Co-მ 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო, კომპანიის წლის მოგებამ კი 10,396,879 ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის მოკლევადიანი აქტივების მოცულობა შეადგენდა 95,592,058 ლარს, გრძელვადიანის - 37,983,271 ლარს, სულ კომპანიის აქტივები კი იყო 133,575,329 ლარი.
ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2017 წელს სამშენებლო კონტრაქტიდან (3 კონტრაქტი) 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო, სამშენებლო კონტრაქტებზე გაწეულმა ხარჯებმა კი 117,249,445 ლარი შეადგინა. 2017 წელს კომპანიამ მხოლოდ პროექტიდან 12,593,631 ლარის მოგება მიიღო.
რაც შეეხება China Railway 23rd Bureau Group Co-ს ზოგად და ადმინისტრაციულ ხარჯებს, 2017 წელს 4,367,800 ლარი შეადგინა, საიდანაც შრომის ანაზღაურებამ შეადგინა - 2,636,374 ლარი, ავტომანქანის ხარჯმა - 406,842 ლარი, კომუნიკაციის ხარჯებმა - 205,326 ლარი და მხოლოდ 16,872 ლარი დაიხარჯა დაზღვევაზე.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის სათავო საწარმოდან ჩამორიცხული თანხების ოდენობამ შეადგინა 2,191,590 ლარი, ხოლო სათავო საწარმოში გადარიცხული თანხების ოდენობამ - 3,735,092 ლარი.