ცვლილება „ლიბერთი ბანკში“ - ვინ გახდა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი

„ლიბერთი ბანკმა“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, მე-5 წევრი დაამატა. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 4 წლით მაგდა მაღრაძე დაინიშნა.

სამეწარმეო რეესტრში ცვლილება დღეს აისახა. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ამჟამად 5 წევრია: ირაკლი რუხაძე, დავით შონია, მურთაზ კიკორია, მაგდა მაღრაძე და მამუკა წერეთელი.

მაგდა მაღრაძე 2013 წლიდან ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორის თანამდებობას იკავებს. 2008 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე მაგდა მაღრაძე მუშაობდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს უმაღლესი განათლების მიმართულების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე. 2008 წლამდე, დაახლოებით 9 წლის განმავლობაში, ის კოორდინირებას უწევდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ განათლებისა და კულტურის პროგრამებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

1995-98 წლებში მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს საწარმოებისა და საბუღალტრო აღრიცხვის რეფორმის პროექტში“, სადაც კოორდინირებას უწევდა საბუღალტრო განათლების პროგრამების და ACCA გამოცდების ადმინისტრირებას, ასევე, ევროგაერთიანების დსთ-ის ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების (EU TACIS) და მსოფლიო ბანკის პროექტებში. გავლილი აქვს სტაჟირება ამერიკულ კომპანია Northern Technologies International Corporation-ში, სადაც აღმასრულებელ დირექტორსა და კომპანიის იურისტებს საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში უწევდა დახმარებას.

ელზა წიკლაური