ვარკეთილში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი არ შედგა

ვარკეთილში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი არ შედგა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სატენდერო კომისიაში განაცხადი არცერთ კომპანიას არ შეუტანია.

ვარკეთილში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად წინადადებების მიღება 27 ივლისს დაიწყო და 1-ელ აგვისტოს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 904 772 ლარს შეადგენდა.

ცენტრის მშენებლობა ვარკეთილის 3 მიკრორაიონში 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან იგეგმებოდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 610 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია.