2019 წლის ივლისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 82, 672 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48, 679 მლნ ლარით, დაახლოებით 143%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28,617 მლნ ლარით, დაახლოებით 53%-ით მეტია. ჯამში, 2019 წლის იანვარ-ივლისში კომერციული ბანკების მოგებამ 443,446 მლნ ლარი შეადგინა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივლისში ბანკების წმინდა მოგება 54,055 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ივნისში - 33,993 მლნ იყო.
ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში, ბანკების შემოსავლებმა 386, 658 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 297,051 მილიონი ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2019 წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,165 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 70,690 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 31,134 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ბანკებმა 6,643 მლნ ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.