არსებული საოფისე ფართი ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და ვერც სამომავლო მოთხოვნებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში “A კლასის” ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განუცხადეს.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობა, სებ-ში აცხადებენ, რომ საკადრო რესურსი იზრდება და ფართოვდება ეროვნული ბანკის ფუნქციები, შესაბამისად, არსებული სათავო ოფისი საჭიროებებს ვეღარ პასუხობს.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები, რაც საჭიროებს შესაბამის საკადრო რესურსს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური სექტორი ვითარდება და ზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ეროვნული ბანკისგან დამატებით რესურსებს მოითხოვს. არსებული საოფისე ფართი ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და ვერც სამომავლო მოთხოვნებს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის საოფისე ფართის საკითხი მოითხოვს გადაწყვეტას გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით.
პროექტის განხორციელებას, სავარაუდოდ, 3-4 წელი დასჭირდება და, მიმდინარე გათვლებით, მოემსახურება პრობლემის რამდენიმე ათეული წლით მოგვარებას. მშენებლობის ძირითადი ნაწილი, შესაძლებელია, არსებული საოფისე ფართის რეალიზაციით დაიფაროს. მთლიანობაში კი, ეს არის ინვესტიცია, რომელიც ქვეყანას მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება,“ - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
ამასთან, როგორც სებ-ში განმარტავენ, რა დანიშნულებით მოხდება იუსტიციის სახლის შენობის იმ ფლიგელის გამოყენება, სადაც ამჟამად სებ-ის სათავო ოფისია განთავსებული, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.
„ამ ეტაპზე ეს უცნობია და გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შესაძლებელია, მოხდეს ოფისის რეალიზაცია ან მთავრობისთვის გადაცემა,“-აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
რაც შეეხება საკითხს, თუ რის საფუძველზე განისაზღვრა, რომ სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობისთვის სავარაუდოდ, 50 მილიონი ლარია საჭირო, როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ინფორმაცია პროექტის ღირებულების შესახებ ტენდერის/კონკურსის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი სათავო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის ბაზრის კვლევის გამოცხადების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ტექნიკური დავალების თანახმად, ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. A კლასის ახალი სათავო ოფისის შენობის სამშენებლო ფართი კი დაახლოებით 17 000 კვადრატული მეტრია. ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.