ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.