ამერიკული რითეილერი Walmart-ი მზის პანელების აალების გამო Tesla-ს უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სარჩელის თანახმად, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, Walmart-ის 7 მაღაზიაში მოხდა Tesla-ს მზის პანელების აალება და მაღაზიებს გაუჩნდა ცეცხლი. შედეგად დაიწვა პროდუქციის გარკვეული ნაწილი, მაღაზიებს მოუწიათ ხელახლა რემონტის ჩატარება, დანაკარგმა კი მილიონობით დოლარი შეადგინა.
ამასთან, Walmart-ი Tesla-ს საკუთარი თანამშრომლების დაუდევრობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. რითეილ კომპანია მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რომლის ზომა სარჩელში მითითებული არ არის და ავალდებულებს ელონ მასკის კომპანიას, რომ 240-ზე მეტ მაღაზიაში მზის პანელების დემონტაჟი განახორციელოს.
ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla-მ მზის ენერგიის კომპანია SolarCity 2016 წელს 2,6 მლრდ დოლარად შეიძინა.