კახა კალაძე - 15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა

15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში, IV მ/რ-ის N2-ში საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება და საკუთრებაში, რამდენიმე დღეში, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ, დაახლოებით 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ საცხოვრებელ ფართს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემს.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანები საკმაოდ ბევრი გვყავს - 3000 ოჯახამდე. მე მათ დავპირდი, რომ პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა, იქნებოდა მოგვარებული და ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს ადამიანები დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართებით. ათეული, ოცეული წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს და პრობლემას წარმოადგენდა. დღეს ჩვენ გამარჯვებული კომპანია გვყავს. გამოცხადებუყლი იყო ინტერესთა გამოხატვა დიდ დიღომში, IV მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 774 კვ. მ მიწის ნაკვეთზეა საუბარი. გამარჯვებული კომპანია გახლავთ სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“, რომლემაც 60 დაზარალებული ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს. საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს თეთრი კარკასის მდგომარეობაში. გამარჯვებული კომპანიის შეთავაზება 5%-ით აღემატება სხვა დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფართის ოდენობას. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს: 15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში, IV მ/რ-ის N2-ში დაუკანონდებათ საცხოვრებელი ფართები და მათ რამდენიმე დღეში გადაეცემათ საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად და მინდა მივულოცო ამ ოჯახებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.