მეთიუ ბრაიზა - რუსეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტსაც ებრძოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ანაკლიის პროექტის დაბლოკვის რესურსებიც შეზღუდული აქვს

რუსეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტსაც ებრძოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR- ს განუცხადა.

„იმედი მაქვს, რომ რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც ორი ათეული წლის წინ, როცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენსა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენზე ვმუშაობდით. რუსეთი ვერ იტანდა ამ პროექტებსაც, რადგან რუსული ეკონომიკური სისტემის მუშაობის გზა არის მონოპოლიების შენარჩუნება და გაძლიერება. რუსეთს ჰქონდა მონოპოლიური ძალაუფლება კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტზე და მათ სურდათ ამის შენარჩუნება“, - აცხადებს ბრაიზა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაშიც რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევას არ უნდა ველოდოთ.

„საქართველოს აქვს დამოუკიდებლობის უფლება. რუსეთი არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას ანაკლიის პორტის პროექტის დაბლოკვის მიზნით. ასე რომ, თუკი პროექტს ქვეყნის შიგნით მიმდინარე საშინელი სამართლებრივი დავა არ გაანადგურებს, ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება და რუსეთი ვერ შეძლებს მის შეჩერებას. ასე რომ, მე არ ვღელავ რუსეთის წინააღმდეგობის გამო გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს [ წინააღმდეგობა] შეწყდება.

რუსეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დაბლოკვასაც ცდილობდა, ცდილობს ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის დაბლოკვასაც. ორივე შემთხვევაში რუსეთმა დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფები საქართველოში, რათა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს გარემოს დაცვის საბაბით დაპირისპირებოდნენ. სულ ცოტ ხნის წინ კი დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციები იტალიაში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი ზეთისხილის ხეებს უქმნის საფრთხეს. ამით იმის თქმა მსურს, რომ ისევე როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემთხვევაში, ანაკლიის პროექტის შემთხვევაშიც ის ბერკეტები, რაც რუსეთს პროექტის დასაბლოკად აქვს, შეზღუდულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გეუბნებით „ ნუ იდარდებთ რუსეთის მიერ საქართველოში პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების მცდელობის გამო“, მაგრამ მე გეუბნებით „რომ ეს მცდელობა უნდა გააცნობიეროთ და დაუპირისპირდეთ“, - აღნიშნავს ბრაიზა.