გიორგი ჩოგოვაძე - Ryanair-ის ავიაბაზარზე შემოსვლა ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 წელი გრძელდებოდა ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკებები, ჩვენ რამოდენიმე თვის წინ დავიწყეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების ბოლო ფაზა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოში ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ავიაკომპანიასთან დღეს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად ქვეყანაში მეტ ევროპელ ტურისტს უნდა ველოდოთ.

„დღეს მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელიც 3 ახალი პირდაპირი რეისის მიმდინარე წელს დაწყებას ითვალისწინებს. Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს. მომავალშიც დაემატება ევროკავშირის ქვეყნები და ეს ნიშნავს, რომ ევროპა დაუახლოვდება საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, სუბსიდირება რა თქმა უნდა, არ მოხდება, თუმცა გარკვეული ტიპის მარკეტინგული მხარდაჭერა გათვალისწინებულია.