ჩინეთს სურს, რომ ფილიპინებზე ონლაინ თამაშები ყველანაირი ფორმით აიკრძალოს. ჩინეთის ხელისუფლება თვლის, რომ ონლაინ თამაშებით, ქვეყნიდან დიდი მოცულობით ფული, არალეგალურად გაედინება და ამ პროცესის აღკვეთას ცდილობს.
„ჩინეთი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ფილიპინებზე ახალი ლიცენზიების გაცემა შეწყვეტილია. და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უფრო შორს წავლენ და ყველანაირ ონლაინ თამაშს აკრძალავენ“, - ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გენ შუანი.
ჩინეთი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე ძლიერ ზეწოლას ახორციელებს იმისთვის, რომ მათ ონლაინ თამაშების ბიზნესი შეაჩერონ. ჩინეთის ხელისუფლება თვლის, რომ გემბლინგის არხებით, ქვეყნიდან ასეულობით მილიონი იუანი არალეგალურად გაედინება, რაც ეკონომიკას აზარალებს. ბოლო წლებში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ფილიპინები და კამბოჯა, ონლაინ თამაშების ნამდვილი ბუმია. ამას კი ჩინეთიდან მოთხოვნის ზრდა უზრუნველყოფს.
ფილიპინების სათამაშო ბიზნესის რეგულატორი აცხადებს, რომ არსებული ონლაინ კაზინოების აკრძალვას არ აპირებს, თუმცა სულ ცოტა, წლის ბოლომდე, ახალ ლიცენზიებზე განაცხადების მიღებასაც აღარ გააგრძელებს. ონლაინ თამაშების ოპერატორებზე ახალი ლიცენზიების გაცემა, კამბოჯაშიც შეწყვეტილია. არსებული ლიცენზიების განახლება კი, მათს ამოწურვამდე არ მოხდება.
ფილიპინებში 2016 წლიდან 50-ზე მეტი ონლაინ ოპერატორი ამუშავდა. მათში დაახლოებით 138 000 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობაც, ჩინეთის მოქალაქეა. ოფშორული სათამაშო ბიზნესის შემოსავალი წელს 9 მილიარდ პესოს (დაახლოებით 172 მილიონი დოლარი) მიაღწევს.