პრემიერ-მინისტრის თხოვნით, „რაინეარი საქართველოდან დაგეგმილ სამ მიმართულებას თბილისი-კიოლნის რეისს დაამატებს.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძისა და ავიაკომპანია „რაინეარის“ კომერციული დირექტორის დევიდ ო’ბრაიენის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„პრემიერ-მინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში შევთანხმდით კიდევ ერთი მიმართულება დაგვემატებინა“, - განაცხადა დევიდ ო’ბრაიენმა.
მისი თქმით, თბილისიდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი მომდევნო წლის ზაფხულიდან განხორციელდება.
„თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან 3 მიმართულებით გამოგვეცხადებინა პირდაპირი ფრენები: თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით, მაგრამ ამ სამ ავიარეისს კიდევ ერთი მიმართულება დაემატება“, - განაცხადა „რაინეარის“ კომერციულ დირექტორმა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ავიაკომპანია „რაინეარი“-ს კომერციულ დირექტორ დევიდ ო’ბრაიენს შორის შეხვედრა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.