რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა 18 ივნისს დატოვა. მის ადგილზე „ქართულმა ოცნებამ“ ეკატერინე ტიკარაძე დანიშნა, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

2019 წლის 19 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტიკარაძე ფლობს 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ტიკარაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1770 ლარი, 5448 ლარი, 1300 ლარს ჰქონდა.

დეკლარაციაში მინისტრს წინა სამსახურში მიღებული ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ აქვს.

დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძის მეუღლე ბიძინა კაკაბაძე ფლობს 1611 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 2016 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი mercedes G 300 D, toyota camri 2012 და მოტოციკლეტი BMW R100 RT.

ბიძინა კაკაბაძე შპს ავტოექსპერტიზა საქართველო თბილისი დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობაში 17%-იან წილს ფლობს, სადაც მენეჯერის პოზიციას იკავებს, მისმა ხელფასმა 2018 წელს 24 000 ლარი შეადგინა.