ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები ამერიკელებს ცხოვრებას გაუძვირებს

ბანკ JP Morgan-ის პროგნოზით, აშშ-ის მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფები თავად ამერიკელებს ყოველწლიურად 1000 დოლარით გაუძვირებს ცხოვრებას.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა აგვსიტოს დასაწყისში განაცხადა, რომ სექტემბრიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდის პროდუქციაზე 10%-იანი საბაჟო ტარიფი ამოქმედდება. მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა სმარტფონებზე, ნოუთბუქებზე და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე ახალი ტარიფის ამოქმედება 15 დეკემბრამდე გადადო.

ექსპერტების განცხადებით, ახალი ტარიფები უშუალოდ მომხმარებლების ხარჯებზე აისახება. ეს კი ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ხარჯების შემცირება იმ პროდუქციასა და მომსახურებაზე, რომლებიც არ განეკუთვნება პირველადი საჭიროების კატეგორიას.

„სოფლის მეურნეობის სექტორისგან განსხვავებით, რომელიც მიიღებს სუბსიდიებს ხელისუფლებისგან, რათა გაუმკლავდნენ ტარიფებისგან მიღებულ შედეგებს, რომელსაც ჩინეთი საპასუხო ნაბიჯით გადადგამს, კომპენსაციას არ უნდა ელოდოს მომხმარებელი. უფრო მეტიც, ამ ტარიფებმა შესაძლოა, ნიველირება მოახდინონ იმ საგადასახადო რეფორმისა, რომლის შედეგად ამერიკული საოჯახო მეურნეობები წლიურად 1,3 ათასი დოლარის შემოსავალს იღებდნენ“, - წერენ ანალიტიკოსები.

კიდევ უფრო გაუძვირდებათ ამერიკელებს ცხოვრება, თუ ეს ტარიფები 25%-მდე გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში მათ ცხოვრება 1,3 ათასი დოლარით გაუძვირდებათ წელიწადში.

ამასთან, ექსპერტების ვარაუდით, გადაწყვეტილება ტარიფებზე არ იქნება მიღებული 2020 წლის არჩევნებამდე.

კოკა კვირკველია