ნეპალში ევერესტის მწვერვალთან ახლოს კჰუმბუს რეგიონში პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი“ ავრცელებს. ნეპალის ხელისუფლების განცხადებით, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალის დასალაშქრად და სამოგზაუროდ რეგიონს ყოველ წელს ათასობით ადამიანი სტუმრობს, რომლებიც დიდი რაოდენობით პლასტიკურ ნარჩენებს ტოვებენ.
მხოლოდ მიმდინარე წელს ნეპალის ხელისუფლებამ მთა ევერესტი 11 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაათავისუფლა. ამიტომაც პოლიეთილენის აკრძალვა კჰუმბუს რეგიონში 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.
ამასთანავე, ევერესტის დაპყრობის მსურველთათვის დაგეგმილია რეგულაციების გამკაცრება. მათ უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მათ უკვე დაულაშქრავთ სხვა რთული მწვერვალი, რომლის სიმაღლეც 6 500 მეტრს აღემატება. ამასთანავე, მწვერვალზე ასასვლელი ნებართვის გადასახადი 11 000-დან 35 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება.
წელს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე სულ 885 ადამიანი ავიდა. მისი დაპყრობისას კი 11 მთამსვლელი დაიღუპა.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა