აშშ-ის პრეზიდეტს დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ აშშ-ის ეკონომიკა შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა ფედრეზერვმა აუცილებლად უნდა დასწიოს საბაზისო საპროცენტო განაკვეთი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კენტუკიში წინასაარჩევნო შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად გაფრენამდე თეთრ სახლში განუცხადა.
„ჩვენი ეკონომიკა უძლიერესია მსოფლიოში, თუმცა რაც ხდება ფედრეზერვთან დაკავშირებით, არც ისე კარგია, ჩვენ უნდა დავწიოთ საპროცენტო განაკვეთი, ისევე როგორც ამას აკეთებენ სხვა ქვეყნები. ეს გასაკეთებელია. გერმანიაში ნულოვანი განაკვეთია, ჩვენ კი გერმანიაზე ძლიერი ვართ, მაგრამ მას უნდა შევედაროთ“ - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ფედრეზერვის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი იგნორირებას ახდენს განაკვეთების შემცირების მსოფლიო ტენდენციაზე. „თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა გვექნება“ - დასძინა პრეზიდენტმა, რომელიც უკვე პრაქტიკულად, ყოველდღიურად აკრიტიკებს ფედრეზერვის ხელმძღვანელს.