პერსონალის გაცვლის პროგრამა ქუთაისს საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ეხმარება. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ნიდერლანდების სამეფოს ქ. დელფტიდან კოლეგას უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის საკომუნიკაციო პროექტიდან აცნობეს, სტუმარი საქართველოში ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში იმყოფება და მისი ვიზიტის მიზანი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ (LEDP) ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტის - ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ქუთაისისთვის დახმარების აღმოჩენაა.
მათივე ცნობით, პერსონალის გაცვლის პროგრამის მონაწილე ნიდერლანდებიდან, გიდო ტენ დოლე, რომელიც ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების პორტფოლიოს ხელმძღვანელობს, შეხვდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს, აგრეთვე, კერძო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მათ განიხილეს ქუთაისის ურბანული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. ამასთან, ტენ დოლემ კოლეგებს გაუზიარა თავისი ცოდნა პოლიტიკის სტრატეგიებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროებში.
„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ მიხედვით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიზანია ინვესტორების მოზიდვა, ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება. ამ მიზნების მისაღწევად, პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის გამოცდილების საფუძველზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საინვესტიციო პორტფელიოს კონცეფცია ახალი ხედვით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის, ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი განათლების სფეროებზე. პორტფოლიოს საბოლოო ვერსიის შემუშავებას ქუთაისი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.
ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალავაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისისთვის ძალიან შედეგიანი იყო ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში მონაწილეობა. ვმუშაობთ ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიული რჩევები ქუთაისის როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის წარმოჩენის შესახებ. ქ. დელფტმა შეძლო საუნივერსიტეტო სექტორის დახმარებით საკუთარი საინვესტიციო პორტფოლიოს წარმატებით შემუშავება და განხორციელება. ამ მხრივ ჩვენ მსგავსი შესაძლებლობები გვაქვს. აქედან გამომდინარე, გიდო ტენ დოლეს ექსპერტიზა განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიული იყო.
თავის მხრივ, ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების დირექტორმა, გიდო ტენ დოლემ აღნიშნა, რომ ქუთაისს აქვს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი.
„შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ განვლილ ძალიან ინტენსიურ კვირას, რომლის განმავლობაშიც ვესტუმრეთ ბევრ ადგილს და წარმოებას; გვქონდა სიღრმისეული დისკუსია მერის მოადგილესთან, საკრებულოს რამდენიმე წევრთან, დამსაქმებლების ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; განვიხილეთ საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავების საუკეთესო მეთოდები. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა სამომავლო ნაბიჯების შესახებ. ქუთაისს აქვს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი. წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ამ მხრივ მეტი კონცენტრირება და პრიორიტეტების მკაფიოდ გამოკვეთა“.
აღნიშნული გაცვლითი ვიზიტის შეფასებისას, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ზვიად არჩუაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისი საქართველოდან უკვე მეორე ხელმომწერია, რომელმაც წელს ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და ქუთაისში გამართული შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. პერსონალის გაცვლის პროგრამის შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების წყალობით, ქუთაისის მუნიციპალიტეტი მალე შეძლებს ახალი საინვესტიციო პორტფოლიოს მომზადებას და ამ გზით ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში დამატებითი წვლილის შეტანას“.
პერსონალის გაცვლის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ფუნქციონირებს, ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს აგზავნის პროგრამის მონაწილეებთან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოსაჩენად. ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში ქუთაისამდე ივლისში, პოლონეთის ქ. კოსტრჟინის დელეგაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, წახალისების სფეროში ქართველი კოლეგების დახმარების მიზნით.