ადვოკატი - ლაურა ღაჭავას არ აქვს იმის საშუალება, რომ 500 ათასი ლარი გადაიხადოს

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეეფარდა, გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ამბარდნიშვილმა აღნიშნა, საქმე ეხება 2013 წლიდან დღემდე მიმდინარე ფინანსურ ოპერაციებს.

„აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის გამოყენება ჩვენთვის მიუღებელი იყო. არც ველოდით ასეთი თანხის გაჟღერებას, რადგან სახელმწიფო ბრალდებამაც იცის, რომ ლაურა ღაჭავას დაყადაღებული აქვს ყველა ქონება და აქტივი. არ აქვს ლაურა ღაჭავას იმის საშუალება, რომ 500 ათასი ლარი შეიტანოს, ეს იგივე პატიმრობის მოთხოვნაა და გავასაჩივრებთ. ვინმეს ვთხოვთ მის მეგობრებს, რომ უძრავი ქონებით მაინც შევიდეთ, რადგან ამ თანხას ვერ გადავიხდით, თუ ეს აღკვეთის ღონისძიება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა",- განაცხადა ამბარდნიშვილმა.