ზოგადად პორტების და ტერმინალების მშენებლობა და განვითარება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ალბათ, სწორედ ამიტომაა ამდენი მოწინააღმდეგე და ხელისშემშლელი ფაქტორი ამ საკითხის ირგვლივ, - ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორი, „ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” დირექტორი, ვახტანგ ჭარაია, ბათუმში მულტიმოდალური „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ ნეგატიურ პროპაგანდას, რომ ტერმინალის მშენებლობით ადამიანების ჯანმრთელობა დაზიანდება და ბათუმს ტურისტული მიმზიდველობა დაეკარგება.
ეკონომისტის შეფასებით, ბათუმის კარბამიდის ტერმინალი ქვეყნის სატრანზიტო კორიდორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართ არსებული წინააღმდეგობა ქვეყნის მტრების ინტერესებშია.
„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იქცეს მთავარ ლოჯისტიკურ კორიდორად და ჰაბად რეგიონში. ბათუმის ტერმინალი სწორედ ამას შეუწყობს ხელს. შუა აზიიდან ბაქოს გავლით, ბათუმის პორტიდან ტვირთი უმოკლესი გზით მოხვდება ევროპაში. ესაა საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი რამ. გადავხედოთ, ვინ ებრძვის იგივე ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობას და რა მეთოდებით? ზუსტად ისე და იმ ნარატივით, როგორც ლუგარის ლაბორატორია იყო საფრთხის შემცველი ხალხისთვის, სინამდვილეში არასდროს უნდა დავიღალოთ მადლობის თქმით ამერიკის მიმართ მარტო ამ ლაბორატორიის გამოც“, -აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ამასთან, ვახტანგ ჭარაია „კარბამიდის ტერმინალით“ ამერიკული ტრეიდერული კომპანია trammo-ს დაინტერესებას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ აღნიშნული ტერმინალი რეალური შანსია ქვეყნის ეკონომიკური მნიშვნელობის გასაზრდელად.
„კომპანია trammo „ფორბსის“ მიერ ხუთას დიდ ამერიკულ კერძო კომპანიებს შორის 34 -ე ადგილასაა დასახელებული. ცხადია ასეთი კომპანიის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ არა მართული და სხვა ქვეყნის ინტერესის გამტარებელი ძალებისთვის. ეს ძალები დაუღალავად ებრძვიან ყველგან ქვეყნის რეალური განვითარების ყველანაირ შესაძლებლობას. ქმნიან მითებს, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. „კარბამიდის ტერმინალი" თავის ეკონომიკური მნიშვნელობით რეალური შანსია ქვეყნის როლის და მნიშვნელობის კიდევ უფრო გასაზრდელად. ამასთან, ტურისტულთან ერთად ბათუმის ინდუსტრიული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და განვითარება იქნება შესაძლებელი, ისე როგორც მაგალითად ესაა ვანკუვერში, პორტ-მუდში”, - აცხადებს ჭარაია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წელს გაფორმდა. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.