დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N5 და N6 კორპუსებთან მდებარე სკვერი რეაბილიტირდა. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 1500 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდა. ბავშვებისთვის მოეწყო სამი გასართობი სივრცე, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდა, ასევე, დამონტაჟდა LED განათება, საჩრდილობელი და საპარკე სკამები.

განახლებული სკვერი, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, როგორც სხვა რაიონებში, ისე საბურთალოზეც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მწვანე სივრცეების განახლება და მოწყობაა.

„ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. იყო მოთხოვნა სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, რომ ეს პროექტი განხორციელდა. აქ მცხოვრები ადამიანები უკვე შეძლებენ სასიამოვნო გარემოში დასვენებას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 155 117 ლარს შეადგენს.