მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ! ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით,-ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას ეცოდინება „იმ დინების შესახებ“, რომელიც სამთავრობო უწყებებში, ე.წ. მეხუთე კოლონის სახით ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს ეწინააღმდეგება.
„არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინება, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ე.წ.მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ, უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“,-განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს.
ამასთან, დღეს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".