თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიუხედავად ევროკავშირის სანქციებისა ანკარის მიმართ, ის კვიპროსის სანაპირო აკვატორიაში ბუნებრივი აირის აღმოსაჩენად სადაზვერვო სამუშაოებს მაინც გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse (AFP) ავრცელებს.
„ევროკავშირი, რომელმაც განაცხადა, რომ შემოიღო ე.წ. შემზღუდავი ზომები, ზიანს გვაყენებს არა ჩვენ, არამედ თავად მათ. ჩვენ განვაგრძობთ გეოლოგიურ სადაზვერვო სამუშაოებს“ - აცხადებს ერდოღანი.
როგორც ცნობილია, კვიპროსის სანაპიროებთან ზღვის შელფზე ბუნებრივი აირის დიდი საბადოები აღმოაჩინეს. 2011 წელს ამერიკულმა Noble Energy-მ საბადო „აფროდიტას“ აღმოჩენის შესახებ გამოაცხადა, რომლის მარაგებიც 140 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ამის შემდეგ ანკარამ, რომელიც კვიპროსთან საზღვრების დემარკაციის პრობლემა აქვს, ამ რეგიონში გააგზავნა საკუთარი საბურღი გემები, რომელთაც დაიწყეს შელფის ბურღვა. მათ თურქეთის შეიარაღებული ძალების ხომალდები იცავენ.
როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ 15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში წერია, სწორედ ამ ბურღვითი საქმიანობის გამო ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.