საპარტნიორო ფონდის ბაზაზე განვითარების ფინანსური კორპორაცია შეიქმნება

ახალი ფინანსური კორპორაციის პროექტზე მუშაობა დასრულებულია და მისი საბოლოო ვარიანტი პირველი მოსმენისთვის პარლამენტს უკვე გადაეგზავნა

ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალი ორგანიზაცია საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნება და, საქართველოს განვითარების ბანკის ნაცვლად, განვითარების ფინანსური კორპორაცია დაერქმევა.

"პროექტი მომზადებულია და პირველი მოსმენისთვის პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ის არა ბანკი, არამედ განვითარების ფინანსური კორპორაცია იქნება, რომელიც საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის შედეგად, მის ბაზაზე შეიქმნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, დარჩება თუ არა ახალ კორპორაციაში საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი, კვირიკაშვილის თქმით, ამაზე გადაწყვეტილება ბორდმა უნდა მიიღოს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.