ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით ფრენებს ამატებს. ამასთან ავიაკომპანიამ უკვე დააანონსა ქუთაისიდან ნიცას მიმართულებით ფრენების დაწყება და მილანის მიმართულებით ფრენის სიხშირის ზრდა. ახალი მიმართულებებით ბილეთების შეძენა wizzair.com-ზე 77.99 ლარიდან/24.99 ევროდან არის შესაძლებელი. კერძოდ, ბოლონიაში ფრენები 2019 წლის 23 ნოემბრიდან დაიწყება და ბილეთის ფასი იქნება 24.99 ევრო, კიოლნში - 2020 წლის 1-ლი ივლისიდან და ბილეთის ფასი 29.99 ევრო იქნება.
Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის, მეოთხე და მეხუთე ბაზირებული თვითმფრინავის განთავსებისა და 12 ახალი მიმართულების დაანონსებიდან ორი თვის შემდეგ, Wizz Air საქართველოს საავიაციო ბაზარზე გაფართოებას განაგრძნობს.
Wizz Air უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებას 2019 წლის 12 დეკემბრიდან იწყებს, ხოლო ქუთაისი-მილანის მიმართულებით სიხშირეს 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში 4-მდე ზრდის. საერთო ჯამში WIZZ-ს ქუთაისიდან ფრენები 19 ქვეყანაში 41 მიმართულებით ექნება.