„ამაზონმა“ მსოფლიოში ყველაზე დიდი საოფისე შენობა გახსნა - ის ამერიკაში არ არის

„ამაზონმა“ მსოფლიოში ყველაზე დიდი საოფისე შენობა გახსნა. ის არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადშია. ონალინ მაღაზიის ახალი კამპუსისთვის 3,8-ზე მეტი ჰექტარია გამოყოფილი, საოფისე ფართი კი თითქმის 168 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

შენობას 15 ათასზე მეტი თანამშრომლის განთავსება შეუძლია, რაც „ამაზონის“ სრულ განაკვეთზე მომუშავე ინდოელი სამუშაო ძალის თითქმის მეოთხედს შეადგენს. კომპანიას ჰყავს ასევე 155 ათასი კონტრაქტზე მომუშავე თანამშრომელი, რის გამოც ინდოეთი ონლაინ მაღაზიის ყველაზე დიდი ბაზაა ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჰაიდარაბადში მდებარე კამპუსი პირველი ოფისია შტატების მიღმა, რომელსაც კომპანია სრულად ფლობს.

„ამაზონმა“ მილიარდობით დოლარი დახარჯა ინდოეთში არსებულ თავის ბიზნესებში უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ის აფართოვებს მოქმედების არეალს და არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ონალინ მაღაზიების წილების შესყიდვას ცდილობს. ინდოეთს დაახლოებით 600 მილიონი ონლაინ მომხმარებელი ჰყავს, თუმცა მისი მოსახლეობის უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტთან დაკავშირებული. „ამაზონი“ ამ პოტენციალისგან მოგების ნახვას ცდილობს და სულ უფრო მეტ კონტენტს ქმნის ადგილობრივების მისაზიდად, ამ პროცესში კომპანიამ თავისი მობილური აპლიკაცია ჰინდის ენაზეც კი აამუშავა.

კომპანია ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მდებარე კამპუსის გაფართოვებას გეგმავს ისე, რომ მან საბოლოო ჯამში 27 ჰექტარზე მეტი დაიკავოს, რაც უხეშად, რომ ვთქვათ, 65 საფეხბურთო მოედნის ფართობის იქნება.

მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა Amazon-ი 1994 წელს ამერიკაში, სიეტლში დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად დაასახელა. მისი ქონება 131 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა