ეროვნული ბანკი მისო-ების შემცირებას დადებითად აფასებს

საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება. ბოლო მონაცემებით ბაზარზე 54 მისო ოპერირებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 ერთეულით ნაკლებია.

ეროვნულ ბანკში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ბაზარზე ჯანსაღი მოთამაშეების დარჩენას.

„მისო-ების შემცირება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ახალ რეგულაციებს, რაც აღნიშნული სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. ახალი საზედამხედველო ჩარჩო ხელს შეუწყობს არასაბანკო სექტორის გამჭვირვალობის ზრდას, სტაბილურ განვითარებასა და რისკების მიმართ მდგრადობას.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირება არ გამოიწვევს ბაზარზე არაკონკურენტუკლ გარემოს , - პირიქით, ვფიქრობთ, რომ ბაზარზე დარჩებიან ჯანსაღი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა მომხმარებელს შესთავაზონ კონკურენტუნარიანი მომსახურება, რაც ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში აისახა“, -განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

ავტორი ალექსანდრა ისპირიანი