როგორც „როიტერსი“ იტყობინება, იაპონურმა ბირთვულმა ოპერატორებმა, მათი უზარმაზარი მარაგებიდან, ურანის საწვავის გაყიდვა დაიწყეს. ეს კი იმის გამო ხდება, რომ ფუკუსიმას ბირთვული კატასტროფიდან რვა წლის შემდეგ, ბევრი რეაქტორის ამუშავება ვერ ხერხდება.
გაყიდვები ჯერჯერობით მცირე მოცულობისაა. თუმცა ბირთვული საწვავი იმაზე გაცილებით იაფად გაიყიდა, ვიდრე მისი შესყიდვა მოხდა. ამას კი ბაზარზე შექმნილი სიტუაცია განაპირობებს.
იაპონიის საცავებში ამჟამად ურანის საწვავის უზარმაზარი მარაგები ინახება. მათი ჯამური ღირებულება 2.5 ტრილიონ იენს (დაახლოებით 19.19 მილიარდ დოლარს) აღწევს. ამის გამო, იაპონია იძულებულია, საწვავის ნაწილი გაყიდოს და შესყიდვის კონტრაქტები გააუქმოს.
ენერგო ოპერატორი კომპანია „ჯაპან ატომიკი“ ორი რეაქტორის მფლობელია, მაგრამ ორივე შეჩერებული აქვს და მათ ამუშავებაზე, რეგულატორისგან ნებართვები ჯერაც არ მიუღია. ანალოგიურ სიტუაციაში, სხვა ოპერატორებიც იმყოფებიან, რომლებმაც ფუკუსიმას 2011 წლის კატასტროფის შემდეგ შეაჩერეს ოპერირება.
იაპონიაში 54 ბირთვული რეაქტორია განლაგებული და მათი რიცხვის მიხედვით, ამომავალი მზის ქვეყანას, მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია შეერთებული შტატების და საფრანგეთის შემდეგ. ფუკუსიმას კატასტროფის კვალობაზე, რეაქტორების 40 პროცენტი დაიხურა, დარჩენილი 33-დან კი მხოლოდ ცხრამ შეძლო მუშაობის განახლება. პარალელურად, რეაქტორები შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებშიც იხურება, რასაც ბირთვულ საწვავზე მოთხოვნის კლება მოჰყვა.
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ბირთვული საწვავის ბაზარი ამ მდგომარეობაში წლების განმავლობაში დარჩება.