მძღოლების 70% ვერ მართავს ავტომობილს უსაფრთხოდ ღამის საათებში.
თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ და გეგმავთ მოგზაურობას ღამით, მაშინ გაითვალისწინეთ რჩევები და მგზავრობა უპრობლემოდ დასრულდება.
როცა საჭესთან პირველად ვსხდებით, ვფიქრობთ, რომელიმე საგზაო წესი არ დაგვავიწყდეს. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ზოგადად, მანქანის ტარება, ბევრი ამოცანისთვის თავის გართმევას ნიშნავს. მძღოლებს ურჩევნიათ ღამით იმოძრაონ, რადგან ნაკლები მანქანა დადის და საცობი არ არის. თუმცა, სტატისტიკური მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების 42% ხდება სწორედ ღამით და დაღუპულთა რიცხვიც უფრო მეტია. ეს იმიტომ, რომ დროის ამ მონაკვეთში დაღლილობა იზრდება და რეფლექსები მცირდება.
საფუძვლიანად მოამზადეთ მანქანა
მგზავრობისთვის სათანადოდ მოსამზადებლად, გაასუფთავეთ და გაასწორეთ წინა და გვერდითი სარკეები. საქარე მინა მუდვივად სუფთა უნდა იყოს, რადგან ჭუჭყიანი მინა არამარტო აუარესებს ხილვადობას, არამედ ირეკლავს შემხვედრი ავტომობილის ფარების შუქს. ასევე, ფარები უნდა იყოს მოწესრიგებული ისე, რომ არ დააბრმავოს სხვა მძღოლები და არ შეუმციროს გზის დანახვის შესაძლებლობა.
შეამცირეთ სიჩქარე
შევამციროთ ჩვენი ავტომობილის საშუალო სიჩქარე. ვეცადოთ აჩქარებისა და მანევრირების პროცესი თანაბარი იყოს. რაც ჩვენთვის აუცილებელია, შევძლოთ მანქანის ფარების დარეგულირება გზის შესაბამისად.
უსაფრთხოების მანძილის დაცვა
ეს არის ის, რაც ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ, განსაკუთრებით ღამით მართვისას, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად ფრთხილად. დაჯახების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილებს შორის მანძილი არ არის დაცული. მზის ჩასვლის შემდეგ უსაფრთხოების მანძილი უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, 3 წამი წინა მანქანამდე.
ხშირად იყურეთ სარკეებში
ხშირად ყურება სარკეებში არ ნიშნავს მოძრაობის დროს მათ გასწორებას. ევროპის საავტომობილო კონფედარაციის (CEA) თანახმად, სარკეებში გახედვა უნდა ხდებოდეს მინიმუმ 10 წამში ერთხელ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წამიერად გავიხედოთ გვერდით, ზოლიდან ზოლში გადასვლამდე. რადგან შეიძლება გზის რაღაც ნაწილი სარკეში არ გამოჩნდეს.
ავტომობილის შიდა განათება
უნდა შევამციროთ ავტომობილში განათების დონე, რათა უკეთესად დავინახოთ გზა.
ჩართეთ გაბარიტული და ახლო განათების ფარები
შებინდებისას სავალდებულოა დროულად ჩავრთოთ გაბარიტული და ახლო განათების ფარები, რადგან წინა მძღოლმა კარგად დაგვინახოს უკანა ხედვის სარკეში. თუ შორი განათების ფარების გამორთვა დაგვავიწყდა, შემხვედრი ავტომობილის დანახვისთანავე, საჭიროა გადავრთოთ ახლო განათების ფარებზე.
ხილვადობა
თუ თქვენს გვერდით მიმავალი ავტომანქანა დაზიანებულია, ადვილი მისახვედრია, რომ საქმე უყურადღებო მძღოლთან გვაქვს. ყველაზე კარგი გამოსავალი ღამით მოძრაობისას არის, რომ შევარჩიოთ ისეთი ავტომობილი, რომელიც წესების იცავს და მივყვეთ მას მშვიდად და კონცენტრირებულად. რაც მთავარია, დავიცვათ დისტანცია.
დაღლილობა და ძილი
ღამით ავტომანქანის მართვისას მძღოლს შეიძლება შენელებული რეაქცია ჰქონდეს. აგრეთვე, სიბრაზე, ნერვიულობა და მღელვარება უარყოფითად აისახება მძღოლზე. მთელი დღის განმავლობაში ჩვენი თვალები იღლება და უკვე საღამოს ჩვენი მხედველობის არეალი შემცირებულია. თვალის ერთი წამით დახუჭვასაც კი შეიძლება დამღუპველი შედეგი მოჰყვეს. ამიტომაც უმჯობესია, ცოტა დავიძინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ გზა.
გვანცა ახვერდაშვილი