თამარ ჩუგოშვილი - „ანაკლიის კონსორციუმს“ ბევრჯერ დასჭირდა სახელმწიფოს მხარდაჭერა

„ანაკლიის კონსორციუმს“ ბევრჯერ დასჭირდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, ბევრჯერ ვერ გაუმკლავდა სხვადასხვა მოთხოვნას და კონტრაქტის შეცვლა არაერთხელ მოხდა მათ სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ შეექმნება ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო და ასევე, რას შეიძლება, უკავშირდებოდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის „გააქტიურება“, რომ ერთი მხრივ, ია კერზაიასთან დაკავშირებული საქმე შეწყდა, ხოლო მეორე მხრივ, პროკურატურა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციითაა დაინტერესებული.

„ამას გააქტიურებას ვერ დავარქმევდი. პროკურატურამ მიიღო ინფორმაცია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შესახებ, რაზეც აქვს ვალდებულება, რომ აწარმოოს გამოძიება. ეს ჩვეულებრივი წესია. რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ამაზე ჩვენ, მათ შორის მთავრობასთან, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია, თუ რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ პორტის მშენებლობის პროცესს ხელი შეუწყოს იმ პირობებში, როდესაც ეს გართულებულია. გაართულა ამ საქმემ და გამოძიებამ პორტთან დაკავშირებით პროცესები. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და რამდენადაც ჩვენ რწმუნებას ვიღებთ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ყველანაირად არის მცდელობები, რომ პორტის, როგორც სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა, წარიმართოს, წინ წავიდეს და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური. „კონსორციუმს“ ბევრჯერ დასჭირდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, ბევრჯერ ვერ გაუმკლავდა სხვადასხვა მოთხოვნას, რაც იყო ჩადებული, კონტრაქტის შეცვლა მოხდა არაერთხელ მათ სასარგებლოდ, რათა ხელი არ შეშლოდათ და პირიქით, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ყოფილიყო. ჯერჯერობით, ჩვენ თუ ჩავიხედავთ, როგორ წარიმართებოდა სახელმწიფოსა და „კონსორციუმს“ შორის ურთიერთობა, ეს ცვლილებები ყოველთვის ემსახურებოდა „კონსორციუმის“ ინტერესს და არა - ხელისუფლებისა თუ სახელმწიფოს, რადგან ეს პრინციპში, ჩვენი ყველას საერთო ინტერესია. აქამდე ასე მიდიოდა პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება მომართულია, რომ პორტის მშენებლობა არ შეფერხდეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.