"რუსეთი არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას ანაკლიის პორტის დასაბლოკად. ასე რომ, თუ პროექტს ეს საშინელი შიდასამართლებრივი დავა არ შთანთქავს, ანაკლიის პორტი იმუშავებს და რუსეთი მის შეჩერებას ვერ შეძლებს!"
"თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზისუვერენული სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნება", - განუცხადა აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ ბრიტანულ გამოცემა IWPR-ს (ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი). "კვირის პალიტრა" ინტერვიუს ქართულ ვერსიას გთავაზობთ.
- ზოგადი შეკითხვით დავიწყოთ: როგორია ანაკლიის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსთვის?
- სტრატეგიული თვალსაზრისით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, პირველად საკუთარი არსებობის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნება გახდეს ადგილი, რომლის გავლით განხორციელდება უმსხვილესი საზღვაო გადაზიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თავისთავად ცხადია, პორტი საქართველოს გააძლიერებს ტრადიციული სამხედრო უსაფრთხოების გადმოსახედიდან, მაგრამ ეს პროექტი ასევე უდიდეს ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ადგილზე მსოფლიო ეკონომიკურ სამყაროში. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო პერსონალმა ავღანეთში შეიძლება სწორედ ანაკლიის პორტი გამოიყენოს სამხედრო ტვირთის გადასატანად, ნაცვლად თურქული პორტის მერსინისა. ანაკლიის პორტი ნიშნავს მეტ ბიზნესს, უფრო ძლიერ და აქტიურ ეკონომიკას, რაც უფრო გააძლიერებს სტრატეგიულ ურთიერთობას საქართველოსა და შტატებს შორის.
ეს პორტი საქართველოს გლობალური მასშტაბის სავაჭრო ჰაბად აქცევს, რაც, თავის მხრივ, თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ზოგადად უსაფრთხოებას წაადგება.
- სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ სტრატეგიული ინტერესი აქვს ვაშინგტონსაც. პარალელურად იკვეთება მოსკოვის საპირისპირო ინტერესიც - როგორია ამ ინტერესების კვეთა?
- ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკას ფეხზე წამოდგომისა და მეტი დამოუკიდებლობის შესაძლებლობას მისცემს, რაც გარკვეულწილად გაანეიტრალებს იმ ეკონომიკურ ბერკეტებს, რომლებსაც მოსკოვი საქართველოზე გავლენის მოსახდენად იყენებს. სწორედ ამიტომ სძულს რუსეთს ეს პროექტი. მაშინ, როცა აშშ-ს არასოდეს უცდია რუსეთთან კონფრონტაცია, მას არც ის სურს, საქართველოს რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან.
მოსკოვში ერთპიროვნულად გადაწყვიტეს, რომ მათი ინტერესია, საქართველოს დამოუკიდებლობა შეუკვეცონ, და ამის მიღწევას თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრით ცდილობენ. ასე რომ, ვაშინგტონისთვის ყველა პროექტი, რომლებიც საქართველოს გააძლიერებს, კარგია და ანაკლიის პორტი სწორედ ასეთი პროექტია.
- როგორ ფიქრობთ, დათმობს თუ არა რუსეთი პოზიციებს? თუ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის გამოც ბოლომდე იბრძოლებს?
- იმედია, რუსეთი მოიქცევა ისე, როგორც მაშინ, როცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენზე ვმუშაობდით. რუსეთი ამ პროექტებსაც ვერ იტანდა, რადგან მეთოდი, რომლითაც რუსეთის ეკონომიკის სისტემა მუშაობს, მისივე მონოპოლიების შენარჩუნებასა და გაძლიერებას გულისხმობს. რუსეთს ჰქონდა თითქმის მონოპოლიური კონტროლი კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტზე. კრემლში ამის შენარჩუნება უნდოდათ, ამიტომაც შეგვეწინააღმდეგნენ. თუმცა დღის ბოლოს ვიცოდით, რომ პრეზიდენტ კლინტონისა და პრეზიდენტ ბუშის მმართველობისას რუსეთს ამ პროცესების შეჩერება არ შეეძლო. მათი ბერკეტები ამოწურვადია, ისინი ვერ იტყვიან გადამწყვეტ სიტყვას - საქართველოს აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი. რუსეთი არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას ანაკლიის პორტის დასაბლოკად. ასე რომ, თუ პროექტს ეს საშინელი შიდასამართლებრივი დავა არ შთანთქავს, ანაკლიის პორტი იმუშავებს და რუსეთი მის შეჩერებას ვერ შეძლებს.
- ამბობთ, რომ რუსეთი სამხედრო ძალას არ მიმართავს პროექტის შესაჩერებლად, მაგრამ რას იტყვით პოლიტიკურ ზეწოლაზე? სხვა რომ არაფერი, განა ბუნებრივი არ იქნება ვივარაუდოთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტმა რუსეთს ჭკუა ასწავლა და შეეცდება, მსგავსი შეცდომა აღარ მოუვიდეს და პორტის აშენება არ დაუშვას?
- რუსეთი ითვალისწინებს შეცდომებს, მაგრამ ისეც არ არის საქმე, თითქოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენი არ ახსოვდა და მის შეჩერებას არ ცდილობდა. ისევე, როგორც ახლა ცდილობს ტრანსადრიატიკული გაზსადენის დაბლოკვას. ორივე შემთხვევაში რუსეთი აფინანსებდა არასამთავრობო ჯგუფებს, ფსევდოენჯეოებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გაზსადენის აშენება გარემოს დააზიანებს, იტალიაში კი ამბობდნენ, რომ ტრანსადრიატიკული გაზსადენი საფრთხეს უქმნიდა ძველ ზეთისხილის ბაღებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, თუ რა გაკვეთილები ისწავლა რუსეთმა წინა პრეცედენტებით, მოსკოვის შესაძლებლობა, მსგავსი პროექტი დაბლოკოს, უკიდურესად შეზღუდულია.
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამას არ შDეეცდება - პირიქით, მსგავსი მოლოდინი უნდა გვქონდეს და მოსკოვის პოლიტიკური თუ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების მცდელობებს უნდა ვებრძოლოთ.
- და მაინც, იტალიისგან განსხვავებით მოსკოვს ბევრად მეტი ბერკეტი აქვს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. რამდენად შესწევს ძალა დღევანდელ მთავრობას, რუსეთის ზეწოლას გაუძლოს? რამდენად რეალურია სცენარი, სადაც რუსეთი გვაიძულებს, ამ პროექტზე ხელი ჩავიქნიოთ?
- ამის რისკი არც ისე დიდია, რადგან, საბედნიეროდ, შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ დააფიქსირა პროექტის მხარდაჭერა - ეს გამოჩნდა როგორც სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტის დროს, ასევე აშშ-ის საელჩოს განცხადებაში მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ უჩვეულო განცხადებაა. უჩვეულოა ასეთი მკვეთრი კილო საელჩოს განცხადებაში - ხაზგასმა იმისა, რომ აკვირდებიან ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს, რომ აქვთ შეკითხვები დროსა და კონტექსტზე, ასევე საუბარია მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, ვშიშობთ, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს საკუთარი გავლენა საქართველოში ანაკლიის პორტის დასაბლოკად. ეს გამაოგნებლად მკაფიო განცხადებაა და ვფიქრობ, თუ აშშ-ის მთავრობის პოზიცია არ შეიცვლება, რისკი იმისა, რომ საქართველოს მთავრობას რუსული წნეხის გამო დათმობებზე წასვლა მოუწევს, დაბალია.
- პომპეომ ასევე მოგვიწოდა, ვუფრთხილდეთ ჩინურ ინტერესს. როგორ უნდა გავიგოთ ეს? პრეზიდენტი ტრამპი განსაკუთრებულად უკმაყოფილო იყო ჩინელებით, თუ ამ განცხადების ფესვები უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ?
- პრეზიდენტ ტრამპის მიდგომა ჩინეთის მიმართ დამაბნეველი და ხშირად წინააღმდეგობრივია. ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანი თუ ხარ, სავარაუდოდ, წარმოდგენა არ გექნება, ხვალ რა პოზიცია ექნება ტრამპს ჩინეთის შესახებ. ამიტომაც ჯობს, ფრთხილად იყო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობ, ვაშინგტონში არსებობს კონსენსუსი, რომ Oნე Bელტ, Oნე ღოად ინიციატივა წარმოადგენს ჩინეთის მთავრობის მცდელობას, გააძლიეროს საკუთარი გავლენა და გააკონტროლოს სხვა ქვეყნების ეკონომიკები, იმის ნაცვლად, დაეხმაროს განვითარებაში. ვფიქრობ, საქართველომ თავს უფლება არ უნდა მისცეს გახდეს დამოკიდებული ჩინურ იაფფასიან ინვესტიციებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რადგან, როგორც სხვა ქვეყნებში უკვე ვნახეთ, ხშირად ქვეყანას უწევს დათმოს კუთვნილი ობიექტი, რადგან სესხის დაფარვას ვერ ახერხებს.
ასე რომ, საქართველოს ვურჩევდი, იყოს ჭკვიანი და არა ხარბი. აკეთეთ ის, რასაც ყოველთვის აკეთებთ - ბოლომდე იბრძოლეთ საკუთარი დამოუკიდებლობისათვის. ნუ იქნებით დამოკიდებული ერთ ინვესტორზე, რომელი ქვეყანაც უნდა იყოს ის.
- ანაკლიის პორტის პოტენციალის გათვალისწინებით, ხშირად ისმის შეკითხვა, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს ამ პროექტმა საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებში. თქვენ რას ფიქრობთ?
- ანაკლიის პორტს საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. უპირველესად იმით, რომ პორტი შესაძლებელია გამოიყენოს ნატომ და აშშ-მა აღჭურვილობისა და სხვა ტვირთების გადასატანად ავღანეთში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას აღმოუჩენს, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ქვეყანაში სერიოზული დაძაბულობა მოხდება.
როგორც 2008 წელს ვნახეთ, საქართველო "მუხლი 5"-ის გარანტიით არ სარგებლობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში, ნატო მას ჯარის გამოგზავნით უპასუხებს. თუმცა 2008 წელს ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობდა საქართველოში მასალების შემოტანისა და რუსეთისთვის დაშინების სიგნალის გაგზავნის საჭიროება. ფოთის პორტზე დაყრდნობა ლოჯისტიკური თვალსაზრისით გამოწვევა იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა საქართველოსთვის გამოგზავნილი აშშ-ის სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირა. თუმცა ისეთი დიდი პორტის საშუალებით, როგორიც ანაკლიაა, ნატოს ლოჯისტიკური საშუალებები გაცილებით ფართოვდება. იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის პორტი შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ ზეგავლენასა და საქართველოს კონტროლის უნარს, ვფიქრობ, ეს არის ის, რისიც რუსეთს ყველაზე მეტად ეშინია.
იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 26 აგვისტოს ნომერში