კივის სასარგებლო თვისებებზე ბევრი გვსმენია.
მინერალებისა და ვიტამინების გარდა, პროდუქტი იოდითაც მდიდარია. სახელად კივი ახალზელანდიელმა სელექციონერმა უწოდა, რომელმაც მცენარის ნაყოფი ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდ მიჩნეულ ფრინველს მიამსგავსა, ხოლო კივის სამშობლო ჩინეთია. კივი მოჰყავთ ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, ისრაელში, აშშ-ში - კალიფორნიაში. ის მოჰყავთ საქართველოშიც. გვესაუბრება კივის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დემურ ფიფია, რომელმაც კივის მოსავლიანობა თავის ბაღში ორჯერ და მეტად გაზარდა.
- 20 წელიწადია კივი მომყავს და ბოლო ხანებში დავრწმუნდი, რომ ამ საქმისა თითქმის არაფერი მცოდნია. ქართველი ფერმერები მისი მოვლისას შეცდომებს უშვებენ და მათგან არც მე ვიყავი დაზღვეული, მიუხედავად იმისა, რომ რაც კი საქართველოში წიგნები გამოუციათ, ყველა ვიცოდი და ამ ცოდნას პრაქტიკაში ვიყენებდი. ეს წიგნები უფრო დილეტანტებისთვის ყოფილა განკუთვნილი... პირველი სამი წლის განმავლობაში კივი ნაყოფს არ ისხამს და ჩვენთანაც ასე იყო, მაგრამ 4-5 წლის შემდეგ მოსავალი ძალიან იკლებდა. მიზეზი არავინ იცოდა, ყველაფერი კი არასწორი მოვლის ბრალი ყოფილა.
- ამ დასკვნამდე როგორ მიხვედით?
- როცა ჩვენი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ, მასში 105 ფერმერი გაერთიანდა აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. ჩვენთან შემოვიდა ერთი ფირმაც, რომელსაც ზუგდიდის რაიონში 24 ჰექტარი კივის პლანტაცია აქვს. მისი მფლობელები ახალგაზრდა სპეციალისტები არიან, რომლებმაც განათლება ახალ ზელანდიაში მიიღეს, იქ მიღებული გამოცდილება კი ჩვენს ორგანიზაციაში გაგვიზიარეს. მათი მეთოდები მოგვეწონა, შევისწავლეთ და ტრენინგებიც მოვაწყვეთ. სწორედ ამ მეთოდების გაცნობის მერე დავასკვენი, რომ კივის მოვლა არ მცოდნია. ვგულისხმობ გასხვლასა და მწვანე ოპერაციებს, რომლებიც მას საზაფხულოდ უტარდება.
- რა მეთოდებია ეს?
- ყველაზე მთავარი კივის მოვლაში საშემოდგომო გასხვლა ყოფილა. ადრე ამ მცენარეს ჩვენებური, ვენახის მეთოდით - 5-6 კვირტზე ვსხლავდით და 3-4 კვირტს ვტოვებდით. ისხამდა ეს 3-4 კვირტი, დანარჩენ მოსავალს კი ვკარგავდით. ახალზელანდიური მეთოდი კი ასეთია: მცენარის სანაყოფე კვირტები ბოლომდე უნდა გაუშვა. კივის ყლორტზე 22 კვირტია და თუნდაც რომელიმემ ნაყოფი რომ არ მოისხას, უნდა დავტოვოთ, რადგან ეს მომავალი წლის მოსავალია. ეს რომ საუკეთესო მეთოდია, ჩემი ბაღის მაგალითზე დავრწმუნდი - წლეულს ორჯერ მეტი მოსავალი მაქვს, ვიდრე წინა წლებში.
- შემოსავლიანი მცენარეა კივი?
- დიახ, მოცვსა და თხილთან შედარებით მომგებიანია. თუ კარგად მოუვლით, 1 ჰექტარზე 20-25 ტონა კივის მოყვანა შეიძლება. ბაზარიც საკმაოდ დიდია. ქართული კივი დიდი მოწონებით სარგებლობს იაპონიაში. ის ძალიან კარგად იყიდება საქართველოშიც. ადრე ჩვენთან კივის ბაზარი თვითდინებაზე იყო მიშვებული და თამაშის წესებსაც გადამყიდველები ადგენდნენ. ახლა ვითარება შედარებით მოწესრიგდა.
- მოსავალი გაიზარდა და ნაყოფის ხარისხი როგორია?
- რაც თანამედროვე მეთოდებს ვიყენებთ, ჩვენი კივის ხარისხი გაუმჯობესდა: მისი წონა უკვე 100 გრამია და მწიფობამდე ალბათ 150 გრამსაც მიაღწევს. ადრე ჩემს ბაღში კივი ბევრს ისხამდა, მაგრამ უხარისხოს. წვრილი ნაყოფი სტანდარტებს არ შეეფერება და უცხოეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი არ არის. ახლა კივის ნერგებმა სხვაგვარი ნაყოფი მოისხა. ვფიქრობ, ამაზე უკეთესი კულტურა საქართველოში არ არსებობს. ჩვენი კივის შაქრიანობა 19%-მდეა, რის გამოც მსოფლიოში ქართული კივი ახალზელანდიურის შემდეგ მეორე ადგილზეა. განსაკუთრებული მოთხოვნა იაპონიაშია, სადაც წელიწადში 30 ათას ტონაზე მეტი ქართული კივი გადის. ადრე ისიც გვეგონა, რომ კივი მეწლევე კულტურა იყო, ანუ ერთ წელიწადს ხარობდა და მეორე წელს არა, მაგრამ ასე არ ყოფილა. თუკი ფერმერი სწორად გასხლავს, კივი ნაყოფს ყოველ წელს მოისხამს და თანაც - ბევრს.
სწორად გასხვლის გარდა მორწყვაც აუცილებელია. მთავარია, ფერმერმა თავიდანვე ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც კულტურა მოითხოვს. ჩვენთან ზოგჯერ ორთვიანი გვალვებია, ამიტომ ბუნებაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ და სარწყავი სისტემა უნდა დავამონტაჟოთ, თორემ ხარისხიან მოსავალს ვერ მივიღებთ. სამწუხაროდ, ეს სისტემა ჩვენი ფერმერების უმეტესობას არა აქვს. ისინი ცდილობენ, მოსავალი მორწყვის გარეშე მოიწიონ, რაც გამოუსწორებელი შეცდომაა.
იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 26 აგვისტოს ნომერში