დღეს დილიდან კოტირებებზე ვარდნით განაახლეს მუშაობა წამყვანმა აზიურმა საფონდო ბირჟებმა, მათ შორის, უმსხვილესმა ჩინურმა და იაპონურმა ბირჟებმა.
აზიაში უმსხვილეს ტოკიოს საფონდო ბირჯაზე გახსნისთანავე 2,08%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ასევე 1,4%-ით გაუფასურდა იენი დოლართან მიმართებით.
ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე Hang Seng-ის ინდექსი 3,2%-ით დაეცა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ვარდნაა აღნიშნულ საფონდო ბირჟაზე.
ვარდნა განიცადეს კონტინენტური ჩინეთის წამყვანმა ბირჟებმაც, შანხაის Shanghai Composite-ის ინდექსი დაეცა თითქმის 1 პროცენტით, ხოლო შენჟენის ბირჟაზე Shenzhen Component-ის ინდექსი 0,72%-ით დაეცა.
აღსანიშნავია, რომ აზიურ საფონდო ბირჟებზე ნეგატიური ტრენდი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ახალი საბაჟო ტარიფების ამოქმედების შესახებ განცხადების გაკეთებას მოჰყვა. გუშინ დონალდ ტრამპმა სინანულიც კი გამოთქვა, რომ აქამდე არ გაზარდა ტარიფები ჩინეთიდან 300 მილიარდის იმპორტირებულ პროდუქციაზე.
ჩინეთი და შტატები სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებას უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობენ. ქვეყნებს შორის ორმხრივი შეხვედრა ამ საკითხზე მეთორმეტეჯერ, 30-31 ივლისს შანხაიში გაიმართა.