2022 წლიდან დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ბარგის 3D შემოწმება დაიწყება, რაც აეროპორტში კონტროლის გავლის პროცედურას გაცილებით უფრო გაამარტივებს. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან ქვეყნის მთავარ აეროპორტებში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად მგზავრებს თვითმფრინავში 100 მილილიტრზე მეტი სითხის ატანა შეეძლებათ, რასაც 3D სკანერი გააკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ სკანერს შეეძლება დაადგინოს, თუ რა სახის სითხე გადააქვს მგზავრს და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს მიაწვდის ცნობას დასაშვებია ის თუ არა.
ამასთანავე, 2022 წლიდან მგზავრებს აღარ მოუწევთ შემოწმების მიზნით ჩანთებიდან ლეპტოპებისა თუ სხვა მოწყობილობების ამოღება და ასევე საათისა თუ სხვა აქსესუარების მოხსნა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რეფორმები მოიწონა და განაცხადა, რომ შემოწმების ახალი სისტემა მგზავრებისათვის კონტროლის გავლას უფრო გაამარტივებს და ამასთანავე, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა