„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრები „ბიბლუსის“ მიერ ლიტერატურით განახლებული ბიბლიოთეკით ისარგებლებენ

„საქართველოს რკინიგზით“ მოსარგებლე მგზავრებს, დღეიდან საშუალება ექნებათ, მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსის“ მიერ ლიტერატურით განახლებული ბიბლიოთეკით ისარგებლონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ მარკეტინგის მენეჯერმა, ზურა კვირიკაშვილმა განუცხადა, „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებისთვის ყველანაირი ჟანრის წიგნია შერჩეული იმისთვის, რომ თითოეული მგზავრის გემოვნება დააკმაყოფილოს.

როგორც „ბიბლუსის“ მენეჯერმა აღნიშნა, ეს პროექტი წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება.

„ლიტერატურა არის ძალიან მრავალფეროვანი, მათ შორის არის საბავშვო ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურა, ფენტეზი და აბსოლუტურად ყველა ჟანრი არის მოცემული ამ ბიბლიოთეკაში, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ყველა მგზავრის გემოვნება დააკმაყოფილოს მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“. წიგნის კითხვის პოპულარიზაცია „ბიბლუსის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია და სწორედ წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ვესტუმრეთ დღეს „საქართველოს რკინიგზას“, სადაც ბიბლიოთეკა განვაახლეთ სრულიად ახალი ლიტერატურით.

ეს პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის განახლდეს ლიტერატურა, მატარებელში მყოფი მგზავრებისთვის. „ბიბლუსმაც“ სწორედ ეს მიზანი შეასრულა დღეს - მგზავრებისთვის მაქსიმალურად განაახლა ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურით და „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებისთვის, მგზავრობისას უახლესი ლიტერატურის წაკითხვა იქნება შესაძლებელი.

კითხვა რომ პოპულარული ხდება, ეს „ბიბლუსის“ ერთ-ერთი დამსახურებაა და ეს ინიციატივაც სწორედ კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება. მგზავრები მაქსიმალურად კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ მგზავრობა დაიწყეს ბათუმისკენ ახალი ლიტერატურით“, - აღნიშნა „ბიბლუსის“ მენეჯერმა.

„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, იმაზე უფრო უკეთესი თავშესაქცევი, ვიდრე მატარებელში წიგნის კითხვაა, „ჯერ არ გამოუგონებიათ“.

მან მადლობა გადაუხადა „ბიბლუსს“ იმისთვის, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლის ბუბლიოთეკა ახალი, მრავალფეროვანი ლიტერატურით შეივსო.

„მატარებელში ბიბლიოთეკის გაკეთების მთავარი ამოცანა და მიზანი იყო, რომ მატარებელში და ზოგადად, ტრანსპორტში, ჩვენთან უფრო აქტიურად ყოფილიყო კითხვის კულტურა გააქტიურებული. სიმართლე გითხრათ, ცოტა გული გვწყდებოდა, რომ სხვაგან უფრო თვალში საცემი იყო ხოლმე მგზავრი წიგნით ხელში, ვიდრე ჩვენთან, ამიტომ შევეცადეთ, რომ ჩვენთანაც კიდევ უფრო გაგვეაქტიურებინა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გამომცემლებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ამ კამპანიაში, ამ პროექტში. „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივი ლიტერატურისთვის. ძალიან კარგი ლიტერატურა გადმოგვცა „ბიბლუსმა“. ისეთი, მატარებელში წასაკითხად რომ ზედგამოჭრილია. ამაზე უკეთესი თავშესაქცევი, ვიდრე მატარებელში წიგნის კითხვაა, ადამიანს ჯერ არ გამოუგონებია. ამაში „ბიბლუსიც“ გვეხმარება თავისი არაჩვეულებრივი ლიტერატურით და ყველას ვთხოვ, რომ გადავდოთ გაჯეტები, კომპიუტერები, ტელეფონები და ხელში ავიღოთ წიგნები, რომლებიც უკვე მატარებელშია“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მისივე თქმით, მატარებლის ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურა, არის როგორც ქართულენოვანი, ისე უცხოენოვანიც.