ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ორი დააკავეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, დაკავებულთაგან ერთი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ერთი კი ყოფილი თანამშრომელია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 50 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 4 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე, გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში, რეგისტრაციაში გატარებას ხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული 4 690 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა, რომლის ღირებულება 53 000 ლარს შეადგენს.
დღეისათვის, მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.