შემოსავლების სამსახური კომპანიების ხელმძღვანელთა ნაწილს იბარებს

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი კომპანიების დირექტორების ნაწილს იბარებს, - ინფორმაციას გადასახადის გადამხდელთა კავშირი ავრცელებს.

„ბოლო პერიოდში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი უკავშირდება კომპანიების დირექტორებს და ვინაიდან ისინი მოხვდნენ რისკიანი კომპანიების სიაში, სთხოვენ მათ შემოსავლების სამსახურში მისვლას. ანალოგიური შეტყობინება მიიღო ჩვენი კავშირის რამდენიმე წევრმა კომპანიამაც. გადასახადის გადამხდელებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება იმ კომპანიების ნაწილს, რომელთაც უფიქსირდება დღგ-ის ზედმეტობა, ხოლო შემოსავლების სამსახურში მათი მისვლა უკავშირდება წერილობითი ახსნა-განმარტების გაკეთებას წარმოშობილი ზედმეტობის მიზეზების შესახებ, რისთვისაც საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შემოსავლების სამსახურს, მეტი სიცხადე შეიტანოს აღნიშნულ პროცესში, რათა ხელმძღვანელმა პირებმა შეძლონ მომზადება და ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა შემოსავლების სამსახურში.