საქართველში სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 1 541 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ჯამში, 1 639 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით) ფლობდნენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.8%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს.

ამასთან, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2018 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.3 %-ს.

საქსტატის მონაცემებით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.9% - სახელმწიფო საკუთრებაში.

2018 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 927.9 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 7.7 %-ით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აქედან იჯარით გაცემული იყო 70.5 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 958.6 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 8.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2018 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 72.6 ათასი შეადგინა, რაც 8.6%-ით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 8.2 %-ით და 33.2 ათასს გაუტოლდა.

კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ჯამში 33 186 სატუმროს ნომერი იყო, 2017 წელს კი - 30 657.

2018 წელს 3 491 ერთეული იყო ლუქსის ტიპის ნომერი, 4021 - ერთადგილიანი ნომერი, 18 795 - ორადგილიანი ნომერი, 6879 - სამი და მეტ ადგილიანი ნომერი. ხოლო 2017 წელს, 3 029 - ლუქსი, 4 007- ერთადგილიანი, 17 543 - ორადგილიანი, 6 078 - სამი და მეტ ადგილიანი ნომერი.

ნინი ქეთელაური