მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას - არ გამოგივათ! ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე

პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ! ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, - ასე მიმართა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ ანაკლიის პროექტი „გამარჯვებამდე მივიდეს“.

„ჩვენ, იცით, რომ დაახლოებით 60 კაცი გვყავს ოფისში, რომელიც დღედაღამე მუშაობს, რათა მივიყვანოთ ეს პროცესი გამარჯვებამდე და გამარჯვება პირველ რიგში არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელისმოწერაზე, იმდენი პროკურატურა შემოგვიქსიეს და შემოგვიქსიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ! ეს ქმედება {ანგარიშების დაყადაღება} მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ და ვერ მოვემსახუროთ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რომ ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, თუმცა არც ეს გამოგივათ. პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ და ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე“, - მიმართა ხაზარაძემ ხელისუფლებას.