მამუკა ხაზარაძე - მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა - რატომ შეეშინდა?

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, საქართველოსა და უცხოეთში მყოფი მათი მეგობრები მზადყოფნას გამოთქვამენ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარონ.

როგორც ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისად, მათ არაფრის ეშინიათ.

„მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა, რატომ შეეშინდა? ძალიან შეეშინდათ მათ, იმიტომ რომ, როცა ის სამსახურები, რომელთა ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის, ნიშნავს იმას, რომ არსებობს შიში, აბსოლუტურად დიდი პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია.

რასთან გვაქვს საქმე? თქვენ იცით, რომ ბიზნესმენისთვის ყველა ანგარიშის დაყადაღება და ყველა ანგარიშის გაჩერება ნიშნავს, რომ მათი გაგებით, ჩვენ ვერ მოვემსახურებით იმ ვალებს, ადგილობრივ თუ უცხოურ საკრედიტო მომსახურებას ვერ განვახორციელებთ, რომელსაც ვახორციელებდით და რომლითაც ვაფინანსებდით და დღემდე ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათი გაგებით, ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც მალე შეგატყობინებთ. არ გამოგივათ არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ საქრათველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია და რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში, რომელიც ყველანაირად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ის კურსი, რაც შევპირდით ჩვენ ხალხს, რომ რეალობა, ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში, დასრულდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.