იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ სტაბილური ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, „ძალიან მნიშვნელოვანია“ არამხოლოდ მათი, არამედ მსოფლიო ეკონომიკისთვისაც.
„იმედი მაქვს, აშშ-სა და ჩინეთს შორის, სავაჭრო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკება დადებითი შედეგით დასრულდება. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვისას, ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ მათ შორის სავაჭრო დაძაბულობა, იაპონიის ეკონომიკაზეც ზემოქმედებს“, - ბიარიცში (საფრანგეთი), G7 სამმიტზე გამოსვლისას განაცხადა აბემ.
პრემიერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიაღწია შეთანხმებას იმაზე, რომ უნდა დაჩქარდეს მუშაობა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე, რათა მასზე ხელის მოწერა სექტემბრის ბოლომდე მოესწროს.