მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ივანიშვილის პირობებში მუდამ იქნებიან პატიმრობისა და ფინანსური განადგურების რისკის ქვეშ. არათუ ანაკლიის პროექტის, არამედ საერთოდ, მათი ნებისმიერი აქტიურობის პერსპექტივა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში არის ნული,- ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთში მათი ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა.
როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, „თიბისი ბანკის"დამფუძნებლების მიმართ ანგარიშების დაყადაღება იმას ემსახურება, რომ მათი პოლიტიკური აქტიურობის ყველა წყარო განადგურდეს.
„ბოლო 2 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ იმდენი რეპრესიული ნაბიჯი გადადგა, რომ ეს ორ დიქტატორსაც კი ეყოფოდა თავისი დიქტატორული საქმიანობისთვის მთელი წლის განმავლობაში. რომ ჩამოვთვალოთ, ესენია: ხაზარაძე-ჯაფარიძის ფაქტობრივად შინაპატიმრობა და ანგარიშების დაყადაღება, მათ უცხოეთში გასვლაც კი აუკრძალეს."რუსთავი 2"-ის საქმე, ახლა "ტვ პირველზე" დარტყმა და მისი ფაქტობრივი მეპატრონისთვის ბრალის წაყენება, ნიკა მელიას რეალური შინაპატიმრობა, ნიკა გვარამისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა, ირაკლი ოქრუაშვილის ციხეში ჩასმა და ანაკლიის პროექტის დასამარება. ეს ყველაფერი მოხდა 20 ივნისის შემდეგ. ახლა უკვე ხელმეორედ ხდება გადათელვა მისი პოლიტიკური ოპონენტების. ხაზარაძისადმი ანგარიშების გაყინვის მთავარი ამოცანა იყო მისი მომავალი პოლიტიკური აქტივობის ბლოკირება და მომავალი პარტიისთვის ფინანსური ბაზის განეიტრალება. უცხოეთში ანგარიშების გაყინვის მოთხოვნა, ფაქტობრივად, ნიშნავს ამ ხაზის გაგრძელებას,რათა მათ მოუსპონ ნებისმიერი ფინანსური წყარო პოლიტიკური აქტიურიბისთვის. გარდა ამისა, ანგარიშების დაყადღება ნიშნავს ანაკლიის მიმართულებით ნებისმიერი ფინანსური ნაკადების წარმართვას, ვინაიდან ვიცით, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლები არიან, სადაც მათ, ასევე აქვთ ვალდებულებები საკუთარი კაპიტალის გაზრდისა", - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, ფინანსური მონიტირინგის სამსახური პოლიტიკური დევნის ბერკეტად გადაიქცა.
"როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი, რაც გააკეთა არის - ეროვნული ბანკიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყოფა. იმ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, რომელიც შემდეგ ივანიშვილის ხელში გადაიქცა ძალიან სახიფათო ბერკეტად პოლიტიკური და სხვა სახის დევნისთვის",- განაცხადა გოცირიძემ.