„სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - ასე უპასუხა სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვალერიან ხასაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის შესაბამისი უწყებისადმი მიმართვის საკითხზე.
„უკაცრავად ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. ჯერ ერთი, კონფიდენციალურია ყველანაირი ინფორმაცია, მეორე სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ვალერიან ხასაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთში მათი ანგარშების დაყადაღება მოითხოვა.
"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს გაუგზავნა ნოტა და მოითხოვა ჩვენი ანგარიშების დაყადაღება ბრიტანეთში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჯაფარიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე.
თავის მხრივ, აღნიშნულზე ვრცლად ისაუბრა ბადრი ჯაფარიძემაც.
„ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ამჯერად ამ მიმართულებით ახალი სიტყვაა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია“, - აღნიშნა „თიბისი ბაკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.