გადასახადის გადამხდელთა კავშირი ინიციატივით გამოდის, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას „თიბისი ბანკის“ საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. ამის შესახებ ინფორმაციას გადასახადის გადამხდელთა კავშირი ავრცელებს.
მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე დიდი ხანია გასცდა ერთი კომპანიის საზღვრებს და შეეხო არამხოლოდ ბანკის დამფუძნებლებს, არამედ, ირიბად, მედია-კომპანიებსაც კი.
„გვსურს გავიმეოროთ ჩვენი ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადება და აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლება მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი, რაც თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას „თიბისი ბანკის“ საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დააკმაყოფილებს საგამოძიებო პროცესის სამართლიანობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს.
ვიმეორებთ, ისტორიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს, რისთვისაც აუცილებელია საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებზე შეთანხმება. აღნიშნულის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღია და პარტნიორული ურთიერთობებით“, - აღნიშნულია გადასახადის გადამხდელთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.