„ეიპიემ ტერმინალსის“ ევროპის ტერმინალების რეგიონული დირექტორი და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრას აპირებენ. ამის შესახებ „ეიპიემ ტერმინალსის“ რეგიონულმა დირექტორმა, იგორ ვან დენ ესსენმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
იგორ ვან დენ ესსენმა, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (ფოთის საზღვაო ნავსადგურის) გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე კომპანიის დირექტორებმა ფოთის განვითარებისა და გაფართოების გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდგომ „ეიპიემ ტერმინალსის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი „ეი პი მოლერ მაერსკის ჯგუფის“ მიერ ფოთის ახალი პორტის მშენებლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების მზაობის დადასტურებაა.
„ამ კვირას საქართველოში ვატარებ, თბილისს და ფოთს ვსტუმრობ, რადგან გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდოთ ფოთის პორტში. ეს ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, რა თქმა უნდა, ჩვენს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან შეხვედრასთან ერთად. ვეცდებით, შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს, რათა ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია წავწიოთ ეს პროექტი წინ რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი და ღირებულია „ეიპიემ ტერმინალისთვის“, - განაცხადა იგორ ვან დენ ესენმა.